თავი 1 -
პიტერის შემოჭრა ყველა ბავშვი იზრდება, გარდა ერთისა. ყველანი მალევე ხვდებიან, რომ უნდა გაიზარდონ. ვენდიც მიხვდა, და აი, როგორ: ერთ მშვენიერ დღეს, ორი წლისა, ბაღში თამაშობდა. მოწყვიტა ყვავილი და დედას მიურბენინა. ეტყობა, იმ წუთში ძალიან საყვარელი იყო, რადგან მისის დარლინგმა გულზე ხელი მიიდო და შესძახა:
– აჰ, რატომ არ შეიძლება, რომ სულ ასეთი დარჩე!
ამ საკითხზე სხვა არაფერი თქმულა, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული, ვენდიმ იცოდა, რომ გაიზრდებოდა. ორი წლისამ მუდამ იცი. ორი წელი – დასასრულის დასაწყისია.
ცხადია, 14 ნომერ სახლში ცხოვრობდნენ და ვენდის გაჩენამდე ოჯახში დედა იყო მთავარი: სანდომიანი ლედი, მეოცნებე სულისა და მომხიბლავი, დამცინავი ტუჩ-პირის პატრონი. მისი მეოცნებე სული ერთმანეთში ჩალაგებულ პატარ-პატარა ზარდახშებსა ჰგავდა, იდუმალებით მოცული აღმოსავლეთიდან რომ ჩამოაქვთ, და რამდენი ზარდახშაც გინდა გააღო, შიგ კიდევ ერთი დაგიხვდება; ხოლო მომხიბლავი, დამცინავი ტუჩის კუთხეში მისის დარლინგს ერთი კოცნა მოუჩანდა, რომელსაც ვენდი ვერა და ვერ სწვდებოდა, არადა, აშკარად ჩანდა: მარჯვენა კუთხეში, პირდაპირ თვალში გეცემოდა.
აი, როგორ ერგო მისის დარლინგი მისტერ დარლინგს: ის მრავალრიცხოვანი ჯენტლმენები, რომლებიც მისის დარლინგის ქალიშვილობაში ჭაბუკები იყვნენ, ერთდროულად მიხვდნენ, რომ უყვარდათ იგი და მისი სახლისკენ გაიქცნენ, რათა ცოლობა ეთხოვათ, მისტერ დარლინგმა კი ჭკუა იხმარა, კებში (კები – ერთცხენიანი დასაქირავებელი ეტლი ინგლისში) ახტა, ყველას მიასწრო და კიდევაც დაისაკუთრა მისის დარლინგი. დაისაკუთრა მთლიანად – გარდა ყველაზე ციცქნა ზარდახშისა და იმ კოცნისა. ზარდახშისა ისედაც არაფერი იცოდა, კოცნაზე კი დროთა განმავლობაში ხელი ჩაიქნია. ვენდის ვარაუდით, იმ კოცნას ნაპოლეონი თუ მისწვდებოდა, მაგრამ მე თუ მკითხავ, კოვზი იმასაც ნაცარში ჩაუვარდებოდა და გაცეცხლებული კარს გაიჯახუნებდა.
მისტერ დარლინგი ვენდის ეტრაბახებოდა ხოლმე, დედას არა მარტო ვუყვარვარ, არამედ პატივსაც მცემსო. იგი იმ სერიოზულ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, აქციებსა და ობლიგაციებში რომ ერკვევიან. სინამდვილეში აქცია-ობლიგაციებისა ვის რა გაეგება, მაგრამ მისტერ დარლინგმა თითქოს მაინც იცოდა და ხშირად ისეთნაირად იტყოდა, აქციების ფასმა აიწია, ობლიგაციებისამ კი დაიწიაო, რომ აბა, რომელი ქალი არ განიმსჭვალებოდა მისდამი პატივისცემით.
მისის დარლინგი თავით ფეხამდე თეთრებში გამოწყობილი გათხოვდა და თავიდან ყველა ხარჯს საგულდაგულოდ იწერდა რვეულში: მგონი, ეხალისებოდა კიდევაც, თითქოს რაღაც მხიარულ თამაშს თამაშობსო. მწვანილის პაწია კონა რა არის, იმასაც კი არ დაივიწყებდა; მაგრამ თანდათან ყვავილოვანი კომბოსტოს მთელი თავები გამორჩებოდა ხოლმე, და იმათ ნაცვლად ხარჯების რვეულში პატარა, უსახო ბავშვების სურათები გაჩნდა. ბავშვებს მაშინ ხატავდა, როცა ხარჯები ჰქონდა შესაკრები. ეს მისის დარლინგის ვარაუდები იყო.
ჯერ ვენდი გაჩნდა, მერე ჯონი და მერე მაიკლი.
ვენდი რომ გაჩნდა, ერთ-ორი კვირა გაურკვეველი იყო, დაიტოვებდნენ თუ ვერა: განა იოლია ბავშვის რჩენა! მისტერ დარლინგს ძალიანაც ეამაყებოდა ვენდი, მაგრამ პატიოსანი კაცი გახლდათ, ამიტომ მისის დარლინგს საწოლზე ჩამოუჯდა, ხელი ჩაჰკიდა და ხარჯების თვლას მოჰყვა. მისის დარლინგი მუდარით შეჰყურებდა: ვცადოთ და, რაც იქნება, იქნებაო, მაგრამ მისტერ დარლინგი სხვაგვარად მიუდგა საქმეს: ფანქარ- და ფურცელმომარჯვებული, და რამდენჯერაც მისის დარლინგი თავისი რჩევებით ანგარიშს შეაშლევინებდა, იმდენჯერ თავიდან შეუდგებოდა საქმეს და თან შეევედრებოდა, ახლა მაინც არ შემაწყვეტინოო.
– ერთი გირვანქა (გირვანქა, შილინგი, პენსი – ინგლისური ფულის ერთეული) და ჩვიდმეტი შილინგი აქა მაქვს, ორი შილინგი და ექვსი პენსიც – სამსახურში; ვთქვათ, სამსახურში ყავას აღარ დავლევ; ესეც, ათი შილინგი; გამოდის ორი გირვანქა, ცხრა შილინგი და ექვსი პენსი. იქაც შენი თვრამეტი შილინგი და ექვსი პენსი: სულ – სამი გირვანქა, ცხრა შილინგი და შვიდი პენსი, საბანკო წიგნაკში ხუთი გირვანქა და ნული-ნული მაქვს, გამოდის რვა გირვანქა, ცხრა შილინგი და შვიდი... მანდ ვინ მიდი-მოდის?.. რვა გირვანქა, ცხრა შილინგი და შვიდი პენსი. ვწერთ და შვიდს ვიმახსოვრებთ... ნურაფერს იტყვი, ჩემო უსაყვარლესო... და ერთი გირვანქაც ხომ იმ კაცს ასესხე... ჩუმად, ჩემო პატარავ... ვწერთ და ბავშვს ვიმახსოვრებთ... აჰა, შემაშლევინე!... ცხრა გირვანქა, ცხრა შილინგი და შვიდი პენსი ვთქვი? ჰო, ცხრა, ცხრა და შვიდი; მოკლედ, გეკითხები: ერთი წლის განმავლობაში ვიმყოფინებთ კვირაში ცხრას, ცხრასა და შვიდს?
– როგორ ვერა, ჯორჯ, – შესძახებდა მისის დარლინგი. თუმცა, იგი ვენდის გულისთვის რას არ იტყოდა! სამაგიეროდ, მისტერ დარლინგს მართლაც რომ დიდებულად ეჭირა თავი.
– ყბაყურა არ დაგავიწყდეს! – ლამის მუქარით შეახსენებდა და ხელახლა დაიწყებდა, – ყბაყურა – ერთი გირვანქა, ოღონდ ამას ისე ვწერ, სინამდვილეში ოცდაათ შილინგს არაფერი დააკლდება... ნუ მაწყვეტინებ... წითელა – ერთი