1. ჩამოსვლა
კ. გვიან საღამოს ჩამოვიდა. მთელი სოფელი თოვლის საბურველში გახვეულიყო. გოდლისგორა არ მოჩანდა, ჯანღსა და წყვდიადში გაუჩინარებულიყო, და ვეება ციხეს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა, სხივი რაა, ისიც კი არ კრთებოდა. დიდხანს იდგა კ. შარაგზიდან სოფელში მიმავალ ხის ხიდზე და მოჩვენებითს სიცარიელეს გაჰყურებდა.
შემდეგ ღამის გასათევის საძებრად გაეშურა. ფუნდუკში ჯერ არ ეძინათ, და თუმცა მეფუნდუკე ოთახებს არ აქირავებდა, ისე დააბნია და შეაცბუნა ნაგვიანევი სტუმრის გამოჩენამ, რომ ნება დართო კ.-ს, აეღო თივის ნაალი და საერთო ოთახში დაწოლილიყო. კ. დათანხმდა. გვიანობამდე შემორჩენილი რამდენიმე გლეხი ლუდს წრუპავდა, მაგრამ კ.-ს ხმა არ გაუცია არავისთვის, თვითონ ჩამოიღო ნაალი სხვენიდან და ღუმელთან დაწვა. თბილოდა, გლეხები არ ყაყანებდნენ, კ.-მ კიდევ ერთხელ მოავლო მათ დაღლილი მზერა და იქვე ჩაეძინა.
მაგრამ ცოტა ხანში გააღვიძეს. ქალაქურად ჩაცმული ყმაწვილი კაცი, რომელიც მოწკურული თვალებითა და დაფანჩული წარბებით მსახიობს წააგავდა, მეფუნდუკესთან ერთად თავს დასდგომოდა. გლეხები ჯერ არ დაშლილიყვნენ, ზოგიერთს სკამი ისე მოებრუნებინა, რომ უკეთ დაენახა და გაეგო, რა ხდებოდა. ყმაწვილმა კაცმა თავაზიანად მოიხადა ბოდიში იმისათვის, რომ კ. გააღვიძა, გაეცნო - გოდლის მოურავის ვაჟი ვარო, - მერე კი უთხრა: „ეს სოფელი გოდოლს ეკუთვნის და ის, ვინც აქ ცხოვრობს ან ათევს ღამეს, ფაქტობრივად გოდოლში ცხოვრობს და ათევს ღამეს. ეს კი ეკრძალება ყველას, ვისაც გრაფის ნებართვა არა აქვს. თქვენ ასეთი ნებართვა არ გაგაჩნიათ, ყოველ შემთხვევაში, არ წარმოგიდგენიათო.“
კ. წამოიწია, თმაზე გადაისვა ხელი, მომხდურებს ქვემოდან ახედა და თქვა: „ეს რა სოფელში მოვხვდი? განა გოდოლი აქ არისო?“
„რა თქმა უნდა, აქ არის“, დინჯად წარმოთქვა ყმაწვილმა კაცმა, ხოლო ზოგიერთმა ირგვლივ მყოფმა კ.-ს შეხედა და თავი გააქნია. „აქ არის გრაფ ვესტვესტის ციხე-დარბაზი.“
„ეს იგი, ღამის გასათევად ნებართვა უნდა ავიღო?“ ჩაეკითხა კ., თითქოს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ ეს სიტყვები არ დასიზმრებია.
„ნებართვა აუცილებლად უნდა აიღოთ“, უპასუხა ყმაწვილმა კაცმა, ხელი გაშალა და მეფუნდეკესა და იქ მყოფ ხალხს ჰკითხა: „განა უნებართვოდ იქნებაო?“ ეტყობოდა, რომ აშკარად დასცინოდა კ.-ს.
„რა გაეწყობა, უნდა ავიღო ნებართვა“, თქვა კ.-მ, დაამთქნარა და გადაიგდო საბანი, თითქოს წამოდგომას აპირებსო.
„ვისთან უნდა აიღოთ?“ ჰკითხა ყმაწვილმა კაცმა.
„უფალ გრაფთან“, თქვა კ.-მ, „მეტი რა ჩარაა?!“
„ახლა, შუაღამისას უნდა აიღოთ ნებართვა უფალი გრაფისაგან?“ წამოიძახა ყმაწვილმა კაცმა, და უკან წადგა ფეხი.
„განა არ შეიძლება?“ გულგრილად ჰკითხა კ.-მ, „მაშინ რატომღა გამაღვიძეთ?“
ამ სიტყვებზე ყმაწვილ კაცს გული მოუვიდა. „წანწალი გყვარებიათ“, აუწია ხმას. „მე მოვითხოვ, პატივი სცეთ გრაფის მოსამსახურეებს. თქვენ კი იმიტომ გაგაღვიძეთ, რომ მემცნო, დაუყოვნებლივ დატოვეთ-მეთქი გრაფის სამფლობელო.“
„გეყოთ პამპულაობა“, განზრახ თქვა ჩუმი ხმით კ.-მ, დაწვა და საბანი წაიხურა. „მეტისმეტად კადნიერად იქცევით, ყმაწვილო, და ხვალ ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით თქვენს საქციელს. ამას მეფუნდუკეც და ყველა ეს ბატონიც დამიდასტურებს, თუ საერთოდ დამჭირდა დასტური. მე კი მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ის მიწისმზომელი გახლავართ, რომელიც გრაფმა გამოიძახა. ჩემი თანაშემწეები ხელსაწყოებით ხვალ ჩამოვლენ მანქანით. უბრალოდ, მინდოდა თოვლში გამესეირნა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენჯერმე ამებნა გზა და ამიტომაც მოვხვდი აქ ასე გვიან. თვითონაც ვიცოდი, თქვენ რომ არ გეთქვათ, რომ ახლა მეტისმეტად გვიანია გოდოლში მისვლა. სწორედ ამიტომ დავყაბულდი ამ ღამის სათევს, რომელშიც თქვენ, მეტი რომ არა ვთქვათ რა, ასე უდიერად დამირღვიეთ მყუდროება. ამით ჩემი ახსნა-განმარტება დამთავრებულია. ღამე მშვიდობისა, ბატონებო!“ და კ.-მ ღუმელისაკენ ქნა პირი.
„მიწისმზომელიო?“ მოესმა ვიღაცის გაუბედავი შეკითხვა ზურგსუკანიდან, შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ ყმაწვილმა კაცმა იქვე დაიოკა ნერვები და მეფუნდუკეს უთხრა - საკმაოდ თავშეკავებული ხმით, რომ აღენიშნა დასაძინებლად დაწოლილი კ.-სადმი პატივისცემა, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა, რომ მას გაეგონა: „ტელეფონით დავაზუსტებ ყველაფერს.“ მაშასადამე, ამ ფუნდუკში ტელეფონიც ჰქონიათ? კარგად კი მოწყობილან! თუმცა, ზოგი რამ აკვირვებდა კიდეც კ.-ს, მაგრამ საერთოდ, ყველაფერი ისე მიიღო, როგორც ჯერ არს. გამოირკვა, რომ ტელეფონი ზედ მის თავზე ეკიდა, მაგრამ ნამძინარევს ვერ შეემჩნია. და თუ ყმაწვილი კაცი რეკვას დაიწყებს, რამდენიც უნდა ეცადოს, თვალს მოატყუოს, მაინც გაუტეხენ ძილს. დაარეკინოს, თუ არა? საბოლოოდ კ.-მ გადაწყვიტა, ხელი არ შეეშალა მისთვის. თავის მომძინარებას აზრი აღარ ჰქონდა, და კ. ისევ გულაღმა დაწვა, მან დაინახა, რომ გლეხები გაუბედავად შეჯგუფულიყვნენ და ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ; ეტყობოდა, მიწისმზომელის ჩამოსვლა არ იყო ხელწამოსაკრავი ამბავი. სამზარეულოს კარი გაიღო, და მთელი კარის ღიობი ამოავსო ქალის, მეფუნდუკის ცოლის ზორზოხა