დიდი ხმაური
ჩემს ოთახში ვზივარ, მთელი ბინის ხმაურის მთავარ ბანაკში. ყველა კარის ჯახუნი მესმის, ამ ხმაურისგან მხოლოდ იმათი ფეხის ხმა მრჩება შეუმჩნეველი, ვინც კარებს შორის დარბის, სამზარეულოში ქურის კარის მიკეტვის ხმაც მესმის. მამა შემოანგრევს ჩემი ოთახის კარს და ხალათის კალთების თრევით გაივლის, მეზობელ ოთახში ბუხრიდან ნაცარს ფხეკენ, ვალი კითხულობს – წინკარიდან ყვირის სიტყვასიტყვით – მამას ქუდი თუა უკვე გაწმენდილი, შიშინს, რომელიც თითქოს ჩემს დასაზოგად გაისმის, მოპასუხე ხმის უფრო ხმამაღალი ყვირილი ფარავს. ბინის კარის საკეტი იღება და ისეთ ხმას გამოსცემს, როგორც კატარული ყელი, მერე კარი იღება სიმღერით, თითქოს ქალის ხმა მღეროდეს და ბოლოს ყრუ, კაცური ბიძგით იხურება, რომელიც ყველაზე უცერემონიოდ გაისმის. მამა წავიდა – ახლა უფრო ფაქიზი, უფრო გაფანტული, უფრო უიმედო ხმაური იწყება, ორი კანარის ჩიტის გალობის მეთაურობით. ადრეც ვფიქრობდი ამას, კანარის ჩიტების ხმის გაგონებაზე კი ისევ მომდის თავში – იქნებ პატარა ღრიჭოზე შევაღო კარი, გველივით გავხოხდე მეზობელ ოთახში და ასე, იატაკზე გაწოლილმა ჩემს დებს და მათ ფროილაინს სიწყნარე ვთხოვო.